პროკურორი – ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე და მისი წერილი ეყრდნობა სხვადასხვა გამოცემიდან მიღებულ ინფორმაციას

20:19, 03.09.2026

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საჯარო სფეროში გაკეთებული გარკვეული განცხადებების გამო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.

პროკურორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ რაიმე ინფორმაციას ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა გამოცემიდან მიღებულ ინფორმაციას.

„2026 წლის 4 ივნისს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძესთან კავშირში მყოფი ყველა პირი, მათ შორის მისი ოჯახის წევრები და მეუღლე. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დადასტურებულია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, საჯარო სფეროში გაკეთებული გარკვეული განცხადებების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოკითხული ყოფილიყო გარკვეულ პირთა წრე, მათ შორის გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი. გამოკითხვისას ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რაიმე დამატებითი ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით არ მიგვიღია. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას, რომელიც არის მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“,- განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი