პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი – 20 ივნისის საქმე საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი ფიგურანტი ჰყავს, ექვსი წლის განმავლობაში შესაბამისი სტრატეგიით ტარდებოდა გამოძიება, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ამის თანმდევი პროცესია
20 ივნისის საქმე საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი ფიგურანტი ჰყავს, ექვსი წლის განმავლობაში შესაბამისი სტრატეგიით ტარდებოდა გამოძიება, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ამის თანმდევი პროცესია, – ამის შესახებ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა 20 ივნისის საქმეზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოცემულ საქმეზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღით გადამეტების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიიებო და საპროცესო მოქმედება და საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი არის, რომ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სადაც დადგენილია დარღვევა მესამე მუხლის პროცედურულ ნაწილში და ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულების მონაწილეობით“, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, უკვე არაერთ დაზარალებულთან ჩატარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
„ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს შემთხვევის ადგილს და დაზარალებულებმა გამოკითხვისას მიუთითეს, თუ როგორ მიიღეს დაზიანებები იმ ღამით, თუმცა მათი გამოკითხვის ოქმის შემოწმება, დეტალების გადახედვა ხდება უკვე საგამოძიებო ექსპერომენტის ფარგლებში. რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებილების მიერ დეტალურად იქნება მითითებული, თუ სად იდგნენ. როდესაც ისინი დაზიანდნენ, საიდან მოხდა გასროლა. ეს ყოველივე, არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებისათვის, ვინაიდან მეტი დეტალი იქნას აღდგენილი და შეძლებისდაგვარად ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება. მეორე მხრივ, ეს ემსახურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“, – აღნიშნა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მომხდარიდან ექვსი წელია გასული, თუმცა არსებობს საქმეები, რომლებსაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება გამოძიებისთვის.
„არ არის ამ საქმეში ერთი და ორი დაზარალებული. საკმაოდ კომპლექსური საქმეა, იმ ღამით ბევრი ადამიანი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმეს ჰყავს ბევრი ფიგურანტი პირი. აქედან გამომდინარე, ის, რომ ექვსი წლის შემდგომ ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არაფრის მომტანი არ არის. პირიქით, ამ ექვსი წლის განმავლობაში გეგმურად, შესაბამისი სტრატეგიით ტარდებოდა თანმიმდევრულად საგამოძიებო მოქმედებები და საგამოძიებო ექსპერიმენტიც არის ამ ყველაფრის თანმდევი პროცესი“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დარღვევა იმ ნაწილში აქვს დადგენილი, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო ჩატარებული.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, იმის დასადგენად, რამდენად პროპორციული იყო შსს-ს მხრიდან განხორციელებილი ქმედებები, ამ კუთხით უნდა ჩატარდეს კიდევ სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არის დაზარალებულის მონაწილეობით საგამოძებო მოქმედებებზე და სწორედ ამას ვაკეთებთ მესამე კვირაა“, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.