პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას ახალ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას ახალ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.

როგორც პროკურორი განმარტავს, საქმე ეხება 2011 წლის 31 მარტს ტერორიზმის მომზადების ბრალდებით სამეგრელოში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამებას და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას.

„როგორც თქვენთვის ცნობილია მეგის ქარდავა ექსტრადირებულია 11 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან ნაწილზე არის ბრალდებული, ნაწილზე მსჯავრდებული. საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ახლა შევდივართ გამოსაკითხად, არ შედის ამ 11 საქმეში, არის სხვა დანაშაული. შესაბამისად, ამ საქმეზე იგი ექსტრადირებული არ ყოფილა, ბუნებრივია, ვერც იქნებოდა, რადგან ამაზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყო დაწყებული.

რაც შეეხება ეპიზოდს, საუბარია 2011 წლის 31 მარტს სამეგრელოში დაკავებულ პირებზე, რომლებიც იყვნენ ტერორიზმის მომზადების ბრალდებით და რამდენიმე პირიდან ერთ-ერთი პირის მიმართ მეგის ქარდავას და სხვა სამართალდამცავი ორგანოს იმჟამინდელი წარმომადგენლების მიერ განხორციელდა წამება. ასევე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ იქნა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება. ზუსტად ამ ეპიზოდზე ხდება მეგის ქარდავას გამოკითხვა. გარდა მეგის ქარდავასი, გამოძიება სწავლობს ამავე დანაშაულში სხვა იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხსაც. ბუნებრივია, ამდენი ხნის განმავლობაში გამოძიებას უშუალოდ მეგის ქარდავასთან სურდა კითხვების დასმა“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

ლაშა კოტრიკაძემ ასევე განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. როგორც პროკურორი ამბობს, დევნის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინული მხარე ამაზე თანხმობას განაცხადებს.

„მუხლი არის წამება – 144-ე ტერცია მუხლი და ასევე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილი. რაც შეეხება დევნის დაწყებას, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადმომცემი მხარე, ამ შემთხვევაში, უკრაინა თანხმობას განაცხადებს დევნის დაწყებაზე. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, უნდა შევთავაზოთ მეგის ქარდავას განაცხადის გაკეთება ამ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც საქმის მასალებთან ერთად, უკრაინულ მხარეს გადაეგზავნება. ამის შემდეგ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მოგვცემს თუ არა თანხმობას მეგის ქარდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

კითხვაზე, საუბარი ხომ არ არის ელდარ ქობალიას საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, პროკურორმა განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამას არ უკავშირდება.

„არა, ელდარ ქობალიას საქმის ეპიზოდი არ არის, შემიძლია, ინიციალები გითხრათ, ეს იყო მ.ძ.-ის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებები. ეს ხდება სამეგრელოში. სამეგრელოში იყვნენ ეს პირები დაკავებული და უშუალოდ ქმედება ჩადენილი იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდის ადგილობრივ სამმართველოს შენობაში. ახლა მტკიცებულებებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და თუ მივალთ იქამდე, რომ დევნის დასაწყებად საჭირო თანხმობა იქნება, ბუნებრივია, ამ მტკიცებულებებსაც გეტყვით. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებული არის, მაგრამ გამოძიებას აქამდე არ ჰქონდა საშუალება, უშუალოდ კითხვები დაესვა მეგის ქარდავასთვის, გარდა ამისა, სხვა პირების ბრალეულობაც იკვეთება. მაღალჩინოსნები არიან, მაგრამ სახელებს ვერ დავასახელებ“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

დატოვე კომენტარი