პროკურორი - კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო, მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში
პროკურორი - კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო, მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში

დავით კირკიტაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალსაა ჩანიშნული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმის პროკურორმა, სანდრო გიორგაშვილმა განუცხადა.

პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო.

„დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა, რაც ნიშნავს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, 2015 წლის თებერვალში მას წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენ აღნიშნულს ვასაბუთებდით შუამდგომლობაში აღწერილი გარემოებების მიხედვით“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, კირკიტაძემ დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა და ახალი დანაშაულის ჩადენაში იმხილება.

„2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარი, მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში. მივიჩნიეთ, რომ არ არსებობდა სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და შეეფარდა პატიმრობა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2019 წლის 12 თებერვალს“, – განაცხადა სანდრო გიორგაშვილმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი გუშინ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.