პროკურორი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, მიგვაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენი
პროკურორი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, მიგვაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დღეს დაცვის მხარემ წარმოთქვა საკუთარი დასკვნითი სიტყვა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

მისივე თქმით, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებს დააფუძნა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულების ჩვენებები იყო წინააღმდეგობრივი, შეიცავდა ბევრ არასწორ ინფორმაციას და შესაბამისად, დაცვის მხარის დღევანდელი დასკვნითი სიტყვა შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა და ჩვენი დასკვნითი სიტყვაც ეფუძნებოდა მხოლოდ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით. რაც შეეხება დღევანდელი პროცესის გადადებას, მოგეხსენებათ, საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო ამ სიტყვაში. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა დრო და მოვითხოვეთ დრო, რომ ეს წინააღმდეგობები აშკარად და ცხადად წარმოვაჩინოთ. მათ ჰგონიათ, რომ ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოაჩინა, მათთვის სასარგებლო იყო. რა თქმა უნდა, ისინი ცდებიან. ჩვენ წარვადგინეთ არაერთი მტკიცებულება, არაერთი მოწმეთა ჩვენებები, იყო ეროვნული ბანკის ექსპერტების დასკვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტორების დასკვნა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას. ფულის გათეთრება არის ბრალდების პოზიცია, ეს ჩამოყალიბებულია ბრალდების საბრალდებო დოკუმენტებში. ფაქტები ერთობლიობაში წარმოადგენენ, რომ ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, ეს არის წმინდა იურიდიული ნიუანსი და ამას ვამტკიცებთ ჩვენ“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკით განახლდება.

დატოვე კომენტარი