პროკურორი - ვფიქრობთ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით
პროკურორი - ვფიქრობთ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლო განხილვების პერიოდში წარადგინა არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება.

მისივე შეფასებით, ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

„მტკიცებულებებს შორისაა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ბანკის თანმშრომლების ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგნელების ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულბები. ყოველთვის ცხადად და ნათლად ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან აღნიშნული თანხები თაღლითურად მიისაკუთრა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით. ოფიციალურად დაზარალებულად ცნობის დადგენილება რომ არ დევს საქმეში, ეს არის მხოლოდ ფორმალური, პროცედურული საკითხი. დაზარალებული ჰყავს საქმეს, დაზარალებულია ბანკი, ეს მხოლოდ მათი საკუთარი ბანკი არ იყო, ესეც არასწორი ინტერპრეტაცია. ბანკის თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი