პროკურორი - გვქონდა გონივრული მოლოდინი, რომ თამაზ ქვლივიძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლებოდა
პროკურორი - გვქონდა გონივრული მოლოდინი, რომ თამაზ ქვლივიძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლებოდა

როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარეს გვქონდა საკმაოდ მყარი დასაბუთებული არგუმენტები, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლებოდა, რადგან პატიმრობისთვის საჭირო საფუძვლების ყველა კომპონენტი სახეზე იყო.

„აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ყველა სამართლებრივი საფუძვლები იყო სახეზე, როგორიც არის მტკიცებულების განადგურება, მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის საფრთხე და გამოძიებისთვის ხელის შეშლა“, – აღნიშნა ხათუნა კუსრაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მტკიცებულებები საკმარისი, ხათუნა კუსრაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში რა მტკიცებულებების წარდგენაც მოხდა, იგივე მტკიცებულებები იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში.

„ამდენად ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებდა დაცვის მხარე,  რაც რა თქმა უნდა, ვერ მოესწრო. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა პროკურორმა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 5 მარტს 12 საათზე გაიმართება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა. ის დარბაზში დააკავეს.