პროკურორი - გურამ ამირხანაშვილისა და ერთ-ერთი თანამშრომლის თითქოსდა სატელეფონო მიმოწერა, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა და მკვლელებზე ხელის დაფარებას ემსახურება
პროკურორი - გურამ ამირხანაშვილისა და ერთ-ერთი თანამშრომლის თითქოსდა სატელეფონო მიმოწერა, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა და მკვლელებზე ხელის დაფარებას ემსახურება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, გავრცელებული თითქოსდა გურამ ამირხანაშვილის და ერთ-ერთი თანამშრომლის სატელეფონო მიმოწერა, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას ემსახურება.

„ტელეფონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და, რა თქმა უნდა, ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და მოწმეზე ზეწოლას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის თქმით, მოხდება აღნიშნული ტელეფონის ამოღება და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაადგენს, თუ ვის მიერ იქნა აღნიშნული მიმოწერები განხორციელებული, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონი და ა.შ.

„პირები, ვინც იდგნენ ამ ყველაფრის უკან, დადგინდება და მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პროკურორმა.