პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები აქვს
პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები აქვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ, პროკურატურას ახალი მტკიცებულებები აქვს, რომლის საქმეზე დართვასაც მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოითხოვს.

როგორც ექვსი ბრალდებული არასრულწლოვნის საქმის არსებით დაწყებამდე პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, მას დახურულ სხდომაზე ექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარადგენს ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას. ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს დამატებით წარდგენილი აქვს შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დამატებითი ვიდეომასალა, სხვადასხვა მასალები, რაც გამოძიების პროცესში დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობდა. თუმცა, ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენ გვაქვს მოკლე დრო და ვადაში ვართ შეზღუდულები, დამატებით მოხდა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ეს მტკიცებულებები დასაშვები იყოს. ამ ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია, ბრალდებულების მცხეთიდან თბილისში გადაადგილება, დანაშაულებრივი ქმედების იქ ორგანიზება, შემდეგ მათი გადაადგილება უკან – თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების უმრავლესობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს. არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია უცვლელია და ისინი ბრალს არ ეთანხმებიან. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.