პროკურორი გიორგი მუჯირი - გირაოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები
პროკურორი გიორგი მუჯირი - გირაოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები

გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იყო ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები, – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება უკვე ამოწურულია და აღარ არსებობდა ის საფრთხეები, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა.

„ბრალდების მხარემ სწორედ ამ ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება. ის საფრთხეები, რაც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას, არ იყო უკვე იმ სტანდარტით წარმოდგენილი, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. შესაბამისად, უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებას უკვე შეეძლო უზრუნველეყო პროცესის მიზნები. გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები. მათ გააჩნდათ როგორც უძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშებზე ანაბარი, რაც უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას. პატიმრობის დროს ივერი მელაშვილს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, გათავისუფლებისას კი მას აღუდგებოდა თანამდებობა“, –  განაცხადა გიორგი მუჯირმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ადვოკატების განცხადებებზე ჩანაწერებთან დაკავშირებით.

„ადვოკატები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ეს შეუძლებელია. თავად ივერი მელაშვილი ამბობს, მას არ სურდა ხელმოწერა იმ ალბომებზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საზიანოდ მიღებულ შეთანხმებას და ციტირებას მოვახდენ: „ნასტრაიენია იყო მაშინ ასეთი და ამიტომ მოუწია ხელის მოწერა“, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების მითითებით მოქმედებდა“, – განაცხადა მუჯირმა

გამორიცხავს თუ არა იმას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი მანჯგალაძეს სტატუსი შეეცვალოს, პროკურორმა უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

„გავმიჯნოთ ორი სისხლის სამართლის საქმე. ერთია ამ ბრალდებულთა მიმართ და მეორე საქმე გახლავთ დავალების გამცემი პირი თუ პირთა წრე, რომელიც პირდაპირ შემხებლობაში იყო დანაშაულთან. საგამოძიებო ორგანო მოწადინებულია, რომ ყოველმხრივ იქნას წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და ამ მიზნიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ წინასწარი პროგნოზები გავაკეთო, თუმცა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მედიას ეცნობება.

გამორიცხული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირის მიმართ იარსებებს შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები, რაც საკმარისია პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის.

რაც შეეხება მანჯგალაძის დაკითხვას, საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა კონკრეტული კითხვები. პირის დამატებით დაკითხვა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც წინა დაკითხვაში იმ გარემოებებზე, რაც შემდგომ გახდა საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი, პასუხი ჯერჯერობით არ არის გაცემული. აი, აქ დამატებით კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა“, – განაცხადა პროკურორმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. პროკურტურამ გირაოს თანხად 30 ათასი ლარი მოითხოვა, სასამართლომ კი 20 ათასი ლარის გირაოზე მიიღო გადაწყვეტილება.