პროკურორი - გიორგი მამალაძე ამბობს ტყუილს და ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს
პროკურორი - გიორგი მამალაძე ამბობს ტყუილს და ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს

სიცრუესა და ტყუილზე აგებული ვერსიებით გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვით ცდილობდა თავი წარმოეჩინა მსხვერპლად, – ამის შესახებ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

ზვიად გუბელაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, დეკანოზს პროკურორების მხრიდან გარკვეული შეთავაზებები ჰქონდა.

„მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი და პირიქით, არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელობას. სამართალდამცველების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად აცილებული იქნა უდიდესი ტრაგედია, აღიკვეთა დანაშაული მომზადების ეტაპზე”, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი პროკურატურის მხრიდან დეკანოზისთვის რაიმე შეთავაზებას, როგორც გუბელაძე აცხადებს, მსგავსი საუბარი პროკურორებსა და გიორგი მამალაძეს შორის არ ყოფილა, მისი დაკითხვა გადაღებულია ვიდეო ჩანაწერზე.

“ვიდეომასალა აქვს როგორც დაცვის მხარეს, ისე ბრალდების მხარეს და სასამართლოს. მხარეებმა და სასამართლომ კარგად იციან, რომ მსგავსი არც მუქარა არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელებულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობ, რომ ის ამბობს ტყუილს და ცდილობს ყოველთვის წარმოაჩინოს თავი მსხვერპლად”, – განაცხადა გუბელაძემ.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა.