პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო პროცესზე და სასამართლოს წერილით მიმართა
პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო პროცესზე და სასამართლოს წერილით მიმართა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამარ შაქარაშვილმა უარი განაცხადა, დაკითხულიყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე.

პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, თამარ შაქარაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს წერილი გამოგზავნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„სასამართლმ მიიღო გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც იგი გამოთქვამდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე და რთული იყო, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება აღნიშნულ საქმეზე. თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ექვსივე პირის მიმართ სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა“, – განაცხადა პროკურორმა.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილთან დაკავშირებით სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ.

„თამარ შაქარაშვილი წერილში გამოხატავდა პოზიციას, რომ მას სურვილი არ ჰქონდა, დასწრებოდა პროცესს, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ სურდა იმ პირების დანახვა, რომლებიც გარეულები იყვნენ მისი შვილის გარდაცვალებაში. მთლიანობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი მთლად მის აზრს სრულყოფილად ვერ გამოხატავდა, ვინაიდან დღეს მკვლელობის საქმე არ იხილებოდა. იქ ბრალდებულები იყვნენ, თუმცა ყველა არა და ყველას გაიგივება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში მონაწილე პირებად, არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ უარყოფითი დამოკიდებულებაც გაგვიჩნდა ამ წერილის მიმართ, ვინაიდან როგორც ვატყობთ ეს ქალბატონი არ იცნობს საქმის მასალებს, თუ კონკრეტული პირების მიმართ, რა სახის ბრალდებებია. მის ეს პოზიცია არის სუბიექტური გამომდინარე იმ ტრაგედიიდან, რაც მას გადახდა თავზე. შევდივართ მის მდგომარეობაში, თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ ქალბატონის მოსვლა არ იყო მიზანშეწონილი მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, ასევე საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესზე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელიც.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, ხოლო ორს ამ მუხლების გარდა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება.