პროკურორი - ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირების შემდეგ დამატებითი კვლევებით დადასტურდა, რომ სწორედ მას ჰქონდა შემხებლობა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან
პროკურორი - ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირების შემდეგ დამატებითი კვლევებით დადასტურდა, რომ სწორედ მას ჰქონდა შემხებლობა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის საჩივრის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. კერძოდ, გენეტიკური და ტაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. ლაშა ცქვიტარიას ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნებით ცალსახად დასტურდება, რომ სწორედ ფარიდ გურბანოვი იყენებდა მოპედსა და ჩაფხუტს, რომელიც გამოყენებული იქნა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დღეს.

„გარდა ამისა, ხსენებული დასკვნებით დასტურდება ის გარემოება, რომ კონსპირაციულ ბინაში, რომელიც დაქირავებული ჰქონდათ მკვლელებს, ცხოვრობდა სწორედ ფარიდ გურბანოვი. ექსტრადირების შემდგომ მსჯავრდებულისგან აღებული იქნა გენეტიკური ნიმუში, ასევე ხელის ანაბეჭდები და დამატებითი კვლევებით დადასტურდა, რომ სწორედ მას გააჩნდა პირდაპირი შემხებლობა იმ მტკიცებულებებთან, რაც მოპოვებული იქნა გამოძიების ეტაპზე“, – განაცხადა პროკურორმა.

ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოსგან არის მსჯავრდებული. ის წითელი ცირკულარით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ, გურბანოვი თურქეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 სექტემბერს ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.