პროკურორი - დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ფარდულში დაპირისპირება სამ პირს შორის გრძელდებოდა, შემდეგ კი, ეს ინფორმაცია შეცვალა
პროკურორი - დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ფარდულში დაპირისპირება სამ პირს შორის გრძელდებოდა, შემდეგ კი, ეს ინფორმაცია შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წარედგინა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში იმხილება,  – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

„დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში აღნიშნული აბსოლუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ამასთან, დ.ღ-მ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს არ შეხვედრია. გამოძიებით კი, საწინააღმდეგო დასტურდება.

„დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს მოტივის დასადგენად, თუ რატომ შეცვალა მან ჩვენება“, – აღნიშნა თორნიკე ნადირაძემ.

საქალაქო სასამართლოში დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. დ.ღ.-ს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.  დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.