პროკურორი - ბუტა რობაქიძის სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა
პროკურორი - ბუტა რობაქიძის სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

პროკურორ გიორგი ოსაძის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა.

„სასამართლომ დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, გურგენ დონაძე, ზურაბ მიქაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ს.ს.კ.332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ასევე, დამატებით ზურაბ მიქაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვაში (236-ე მუხლის მესამე ნაწილით) და თითოეულს ამნისტიის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მათვე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლის და სამი თვის ვადით”,  – აღნიშნა ოსაძემ.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით გაფორმდა.

„ზაზა ბაქრაძე ბრალდებულთაგან იყო ერთადერთი, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანია დანაშაული. გარდა ამისა, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულების პოზიცია და მათი პოზიციიდან გამომდინარე ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეთ. მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ამნისტიის გამოყენებით ოთხი წლით და ექვსი თვით პირობითი მსჯავრი, იგივე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით დაეკისრა 5 000 ლარი ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ორი წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება,“ – განმარტა ოსაძემ.

დატოვე კომენტარი