პროკურორი - ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს
პროკურორი - ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს

ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს, – ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომლებმაც მას ნიკა გვრამიას განცხადება შეახსენეს, რომლის თქმითაც, პროკურატურამ ბინებთან დაკავშირებით ბრიფინგზე „იჭორავა“, ხოლო ბრალის დადგენილებაში ბინები ნახსენები არ იყო.

პროკურორის თმით, ქონებრივ გადაფორმებებთან და ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით გამოძიებას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება.

„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს. ამას ცალსახად ვადასტურებ, რომ არ თქმულა. ბრიფინგზე გაჟღერდა ორი მთავარი ინფორმაცია – პირველი, რომ მიღებული იყო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოტანილი იყო დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ. მეორე ინფორმაცია – საზოგადოებას ეცნობა, რომ ამ დადგენილებით გამოძიება არ დასრულებულა. მიმდინარეობს ისევ, არსებობს უამრავი კითხვის ნიშნები საქმეში არსებულ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ქონებებთან დაკავშირებით და მათ შორის, ამ ეტაპისთვის რაც არის დადგენილი, 2017 წელს შპს „ინტერმედია პლიუსმა“ ორი საცხოვრებელი ფართი თბილისში, საერთო ჯამში 240 კვადრატული მეტრის, გადაუფორმა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. ეს ფაქტი გაჟღერებული იქნა. ამ ქონებრივ გადაფორმებებთან და ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები გამოძიების მხრიდან და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რაღაც შეკითხვა არ დასმულა დაკითხვის მიმდინარეობისა სასამართლოში, ეს არის მტკნარი სიცრუე, მას დაესვა ყველა შეკითხვა, რომელიც მოზანშეწონილად ჩათვალა გამოძიებამ. მათ შორის, დაისვა შეკითხვები, ჰქონდა თუ არა რაიმე სხვა სახის ურთიერთობა „ინტერმედია პლიუსის“ ან „ინტერმედიას“ ნებისმიერ დამფუძნებლებთან და დირექტორებთან, რაზეც ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მას რაიმე სხვა სახის ურთიერთობა, გარდა სარეკლამო ურთიერთობისა არ ჰქონია და კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი. ამის შემდგომ, ჩვენ ბუნებრივია, აღარც შევსულვართ დამატებით კითხვებში, რადგანაც ყველაფერი აზრს კარგავდა.

ნებისმიერ პიროვნება შეიძლება იყოს მოწმის სახით დაკითხული, ვინც ფიქრობს, რომ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. თუ მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც“, – განაცხადა პროკურორმა.

გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათასლარიან გირაოს ითხოვს. ამასთან, მოთხოვნილია დამატებითი ღონისძიების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

„ვფიქრობთ, რომ გირაო და დამატებითი ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდგომ დაველოდებით ბრალდებულის ქცევას, შეასრულებს თუ არა ის სასამართლოს განჩინებას“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დატოვე კომენტარი