პროკურორი - ბრალდებული სამართალდამცველი ფარულ ჩანაწერში საუბრობს, რომ ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ დაარტყა ხელი დაკავებულ პირს
პროკურორი - ბრალდებული სამართალდამცველი ფარულ ჩანაწერში საუბრობს, რომ ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ დაარტყა ხელი დაკავებულ პირს

ბრალდებულის აღიარება ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას არის მოპოვებული, უკვე ოფიციალური გამოკითხვისას მან აღნიშნულ ფაქტებზე აღარ ისაუბრა და გამოძიებას დაუმალა, – ამის შესახებ 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ლევან იმერლიშვილის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა.

„საქმეში არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სადაც ბრალდებული თავად აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ეს ბრალის წარდგენამდე გახლდათ. თუმცა, როდესაც იგი უკვე სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალურად გამოიკითხა, მან აღნიშნული ფაქტი დამალა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლა

ეს გახლავთ საუბარი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან. მისთვის ფარული გადაღების შესახებ უცნობი იყო. თუმცა ფარული გადაღების შესაბამისი კანონიერი საფუძველი არსებობდა და სასამართლოს მიერ ფარული გადაღება კანონიერად იქნა ცნობილი.

ამ ფარულ ჩანაწერში მოტივაციაზე საუბარი ნაკლებად არის. თუმცა თავად ბრალდებული ასე საუბრობს, რომ მან ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ დაარტყა ხელი და ფიზიკურად გაუსწორდა დაკავებულ პირს. ეს ფარული ჩანაწერი შედგა სამართალდამცავ ორგანიში, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენიბაში ვიდრე იგი ოფიციალურად გამოიკითხებოდა. მას არავინ არ დაპირებია რაიმე გარანტიას აღიარების სანაცვლოდ. მისი აღიარება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაა მოპოვებული და უკვე ოფიციალური გამოკითხვისას მან აღნიშნულ ფაქტებზე აღარ ისაუბრა და გამოძიებას დაუმალა“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ანა კოტეტიშვილის განცხადებით, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს.

„სასამართლოს მიერ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას დაცვის მხარე არ ეთანხმება. მიგვაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება. ამ ეტაპზე საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ.

პოზიციას აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებასთან დაკავშირებით და ამ საქმეზე ხედვებს ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. ბრალდებული ამ ეტაპზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულს ხვალ შევხვდები და მასთან სამართლებრივ კონსულტაციას გავივლით. შემდგომი პროცედურის და მოქმედების შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.