პროკურორი - ბრალდება დაადასტურებს, რომ არასრულწლოვანთ მკვლელობა ორი დანით არის ჩადენილი
პროკურორი - ბრალდება დაადასტურებს, რომ არასრულწლოვანთ მკვლელობა ორი დანით არის ჩადენილი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, პროკურატურა სასამართლოს წარუდგენს ექსპერტიზის შედეგებს. მისივე თქმით, ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობა ორი დანით არის ჩადენილი.

„ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას და ისაუბრებს იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაულებრივი ქმედება.

წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ექსპერტიზის შედეგები. სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ეს ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია მხოლოდ მათ მიერ. საქმეში ფიგურირებს ორი დანა. ჩატარებულია შესაბამისი კვლევები. ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ამ ორი დანით არის ჩადენილი. შემთხვევის ადგილზე იყო 25-მდე პირი, თუმცა დანაშაული მკვლელობის საქმეში ბრალდებულებმა ჩაიდინეს“,- განაცხადა პროკურორმა.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქმეში ბრალდებულის ადვოკატმა. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების დადგენილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მოწმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მხარეები პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგებიან.