პროკურორი – აქტიურად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ღარიბაშვილისთვის ბრალის წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება

14:57, 25.08.2026

გამოძიება მიმდინარეობდა, აქტიურად ტარდებოდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. როდესაც შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ, – ამის შესახებ პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პროკურორის თქმით, ყოფილი პრემიერის საქმეზე ძიება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქმეს დაერთო ისეთი მტკიცებულებები, რომელიც, მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

„ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ასევე, წერილობითი დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ინფორმაცია, ამოღებული დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. არსებობდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესაბამისი სტანდარტი და ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, დაზუსტებით მოგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე როცა გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული საქმიდან პროკურატურის მიერ გამოყოფილ იქნა სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტარდებოდა აქტიურად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის სხვადასხვა მოქმედება და როდესაც შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ“, – განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.

მსგავსი