პროკურორი ანი ლეკიაშვილი აცხადებს, რომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანურმა სასამართლომ დააყადაღა
პროკურორი ანი ლეკიაშვილი აცხადებს, რომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანურმა სასამართლომ დააყადაღა.
მისივე თქმით, ესპანეთის სამეფოს სასამართლოს ქონების დაყადაღების შესახებ ქართულმა მხარემ მიმართა.
„დაყადაღებული არის ოთხივე ბრალდებულის ოჯახის წევრების და ბრალდებულების ყველა ქონება. უკვე დადასტურდა, რომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა. ამ თვის დასაწყისში შემოვიდა ეს ინფორმაცია ესპანეთის სამეფოდან. მიზეზი გახდა ეს საქმე, რადგან ვედავებით სწორედ ფინანსურ საკითხებს. მათ შორის, ბურჭულაძესთან მიმართებით ვედავებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ამ კუთხით ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და თემატური რევიზიაც. ასევე განხილულია მისი ოჯახის წევრების და მისი ქონება, შედარებულია შემოსავალი და გასავალი. მოგეხსენებათ 7 მილიონამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ვედავებით.
ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი განჩინება, შემდეგ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიმართული იქნა შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ და გენერალური პროკურატურის მიერ ესპანეთის სამეფოსთვის. ესპანეთის სამეფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ნინო მხეიძის ქონებისთვის ნამდვილად დაედო ყადაღა“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაედო ყადაღა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის პენსიონერ წევრებს, პროკურორმა აღნიშნა, რომ ყადაღა მათ ყველა ანგარიშს დაედო და გამოყოფილი ცალკეულად არ იყო.
„მათ ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა, სადაც გარკვეული სახის თანხა ფიქსირდებოდა, მათ შორის ქონება. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე“, – განაცხადა ლეკიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დღეს ბრალდების მხარემ სამი მოწმე დაკითხა, რომელთა უმრავლესობაც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. მათ მიმართ კითხვები დაისვა 2023 წლის ტენდერთან დაკავშირებით, რომლის დროსაც თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო ტექნიკა უნდა შეეძინა.
დღევანდელ პროცესზე ოთხივე ბრალდებულის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ვლადიმერ ღუდუშაურის, გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძის აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა, რომელიც ძალაში უცვლელად დარჩა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.