პროკურორი ამირან გულუაშვილი განმარტავს, ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა იმ ადგილის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს
პროკურორი ამირან გულუაშვილი განმარტავს, ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა იმ ადგილის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს

პროკურორი ამირან გულუაშვილი განმარტავს, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა იმ ადგილის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

გულუაშვილის განცხადებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს საჰაერო სივრცეში კონკრეტული თანამგზავრი იმყოფებოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანამგზავრი გამოძიებისთვის საინტერესო ტერიტორიას იღებდა.

„საგამოძიებო უწყების მიერ განხორციელდა ყველა ნაბიჯი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სატელიტური ფოტომასალის მოპოვება. ეს არის ძალიან სპეციფიკური პროცესი და ამას სჭირდება ტექნიკური მოცემულობების გათვალისწინება. არსებობს უამრავი კერძო კომპანია, ისევე, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს თანამგზავრი და ეს თანამგზავრები სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული. შესაბამისად, სხვადასხვა რაკურსით ახორციელებს დედამიწის ამა თუ იმ ნაწილის მათთვის საინტერესო მონაკვეთის ფოტო-ვიდეო გადაღებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სატელიტები 24-საათიან რეჟიმში მიახლოებული მდგომარეობით გადაღებას არ ახდენენ. უნდა გავითვალისწინოთ თანამგზავრის ფუნქცია, იმ კომპანიის ინტერესი, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს თანამგზავრი და ა.შ.

შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს საჰაერო სივრცეში კონკრეტული თანამგზავრი იმყოფებოდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანამგზავრი დაზუმებული (მიახლოებული) ფორმით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის გადაღებას, მით უფრო იმ ტერიტორიისა, რომელიც საინტერესოა ჩვენთვის გამოძიების ფარგლებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით სირთულეს წარმოადგენს ეს გარემოება – რამდენად არსებობს ის სატელიტი, რომლისთვისაც საინტერესო იქნებოდა სწორედ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს და კომპანიას, ასევე არაერთ საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებას, მათ შორის ევროპულს. აქ სირთულეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბევრ მათგანთან მიმართებით არ არის ინფორმაციული ფოტო თუ ვიდეომასალა სატელიტური ჩანაწერებისა. ამ მიმართულებით გარკვეულ მოქმედებებს ჩვენ კიდევ ვაწარმოებთ. ველოდებით პასუხებს კონკრეტული კომპანიებისგან. ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის დარჩენილია რამდენიმე კომპანია, რამდენიმე გზა და როგორც კი მოვიპოვებთ, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.