პროკურორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვა ძალაშია
პროკურორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვა ძალაშია

ბრალდების მხარემ, საპატიმრო კოდექსის შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები, ეს შეზღუდვა ძალაშია, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

წიკლაურის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდვის ლეგიტიმური უფლება აქვთ და ამას მართლმსაჯულების ინტერესებისთვის იყენებენ.

„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, საპატიმრო კოდექსის შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები, ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებითვის“, – აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების წინააღმდეგი არ იყვნენ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სხვა საქმეებზე უკვე მსჯავრდებულია.

ამასთან, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა იყო ფორმალური საფუძველი ტელეფონის უფლების შეზღუდვაზე.

„ახლა, დარწმუნებული იყავით, იმ ციხეში ტელეფონს გააფუჭებენ. ჯერ არ მიუციათ ნება, პროკურატურას არ დარჩა სამართლებრივი ბერკეტი, მაგრამ პატიმრობის გაუქმების შესახებ ციხე იტყვის, რომ განჩინება მოგვივიდა, თუმცა პროკურატურას დამატებითი მიმართვა არ გამოუგზავნია, და ისინი არ გაგზავნიან დამატებით მოთხოვნას, ამიტომ არ მივცემთ“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.