პროკურორი აცხადებს, რომ ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გათვალისწინებით მოითხოვეს
პროკურორი აცხადებს, რომ ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გათვალისწინებით მოითხოვეს

პროკურორ ლუკა გამყრელიძის განცხადებით, მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის მოთხოვნას საფუძვლად ედო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.

პროკურორის განმარტებით, უნდა დადგინდეს, ხომ არ წარმოადგენს ბრალდებული საზოგადოებისთვის საფრთხეს, რათა მომავალში დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

„ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო პატიმრობის შეფარდება. სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ჩვენ მიერ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. უნდა დადგინდეს მისი მდგომარეობა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე უნდა დადგინდეს, ხომ არ წარმოადგენს ის საზოგადოებისთვის საფრთხეს, რათა მომავალში დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს. სწორედ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გამო იყო ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც კანონით არის დადგენილი“, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.