პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა
პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რის გამოც შაქარაშვილის საქმეზე დაკავაებული 11-ვე პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიება კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო.

რაც შეეხება შუამდგომლობას, რომელიც მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით უფლებადამცველებმა დააყენეს, ყაზარაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო და ადვოკატები აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ მოსამრთლეს არ უნდა მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩა ძალაში. ნამდვილად, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რის გამოც ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციებს, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებუთ, თუმცა ეს პოზიციები რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იმავეს აცხადებდნენ, რაც წინა პროცესებზე თქვეს. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ყველა მოსამართლის წინაშე დაცვის კონკრეტული წარმომადგენელი აყენებს აცილების შუამდგომლობას. ყველა პროცესზე მოვისმინეთ ჩვენ ასეთი შუამდგომლობები, თუმცა არც ერთი არ იყო დასაბუთებული კონკრეტული არგუმენტებით და ზოგადად, რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ მოსამართლეს არ უნდა მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლეების თბილისიდან მცხეთაში ჩამოყვანა, ყაზარაშვილმა ასე უპასუხა:

„სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, ისე რომ მოსამართლეები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოდან. რაც შეეხება უშუალოდ ამის მიზეზებს, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და პროკურატურა ვერ შევა ამის განხილვაში“, – აღნიშნა ყაზარაშვილმა.

ამასთან, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„ვიდრე გამოძიება დასრულდება, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, პიროვნებებიც დაემატოს, ვისაც წარედგინება ბრალი. თუ იქნება ამისი სამართლებრივი საფუძველი (შესაძლებელია მუხლიც დაემატოს) მტკიცებულებების კუთხით, ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა პროკურორმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე დღეს იმსჯელეს. სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით. ამ ბრალდებით კიდევ ექვსი არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთა საქმის განხილვაც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა, რაზეც ხუთი პირია ბრალდებული.