პროკურორი - 2008 წელს თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვის საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს პროკურატურა თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის, ისრაელის კომპეტენტურ ორგანოებთან
პროკურორი - 2008 წელს თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვის საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს პროკურატურა თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის, ისრაელის კომპეტენტურ ორგანოებთან

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურა თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, მათ შორის, ბუნებრივია, ისრაელის სახელმწიფოსთან და ხორციელდება როგორც საქართველოდან ისრაელში გაგზავნილი, ასევე ისრაელიდან საქართველოში გამოგზავნილი სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და შუამდგომლობების შესრულება, – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას. გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ საქმის ძიების დაწყებიდან დღემდე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებზე და შედეგებზე ისაუბრა.

„2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ხუთი მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფში Defensive shield Group შემავალი ერთ-ერთი Girwood business corp-თან გაფორმდა ხელშეკრულება მწვრთნელის სახით მომსახურების მიწოდებაზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრომ ხუთი მილიონ 60 ათასი ევრო გადაურიცხა კომპანიებს, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება და რეალურად ეს მომსახურება სამხედრო ძალებს არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ბრალდება წარედგინა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას. წარდგენილი ბრალდება გულისხმობდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტს. ეს საქმე ბრალდებულების მიმართ გამოიყო ცალკე საქმედ, წარემართა სასამართლოში და დღეის მდგომარეობით ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის განმარტებით, დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

„მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება მნიშვნელოვანი გარემოებები. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული თანხები გარკვეულ პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან გადანაწილდა. ამავდროულად, დადგენილია შემდეგი გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით Girwood business corp-ის ხელმძღვანელმა პირებმა ერთ-ერთ სახელმწიფო საბანკო დაწესებულებაში თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით წარადგინეს სავარაუდოდ ცრუ ინფორმაცია. სწორედ ეს არის ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა ისრაელის სახელმწიფო მედიაში. მოგახსენებთ, რომ კომპანია Girwood business corp-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გალ ჰირში. ამ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურა თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, მათ შორის, ბუნებრივია, ისრაელის სახელმწიფოსთან და ხორციელდება როგორც საქართველოდან ისრაელში გაგზავნილი, ასევე ისრაელიდან საქართველოში გამოგზავნილი სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და შუამდგომლობების შესრულება“, – აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოპოვებული იქნება სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შემდეგ მოხდება ამ ყველაფრის სამართლებრივი შეფასება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ საქართველოს გენერალური პროკურატურა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ყველა წყაროდან მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვოს და როგორც აღვნიშნე, ამისათვის საერთაშორისო მექანიზმებიც არის გამოყენებული, მათ შორის, სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობების ფორმით“, – განაცხადა პროკურორმა.