პროკურორი - ​ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე ვითხოვთ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობას
პროკურორი - ​ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე ვითხოვთ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობას

ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე ჩვენი შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობაზე ეხება დაცვის მხარის მიერ კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, დაცვის მხარის ინტერპრეტაცია კანონზე არასწორია.

„ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალეულობა. რაც შეეხება შუამდგომლობას მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, ჩვენ დავაყენეთ ასეთი შუამდგომლობა და ეს ეხება იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ მოიპოვა კანონმდებლობის არსებითი დარღვევით.

დაცვის მხარემ დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები და აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით მოიპოვა მტკიცებულებები. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები არის კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული და დავაყენეთ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნობაზე. დაცვის მხარემ არასწორად მიუთითა ნორმა, არ აქვს მხარეს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის კანონით მოიპოვოს მტკიცებულება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და დაცვის მხარის ინტერპრეტაცია კანონზე არასწორია“, – განაცხადა პროკურორმა.

არჩილ ტყეშელაშვილმა საქმეში დაზარალებულ მხარეზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება დაზარალებულს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციებით და თანხის თაღლითურად დაუფლების დროს ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“. თუმცა ვინაიდან აღნიშნული დანაშაული, ვგულისხმობ თაღლითობას, არის ხანდაზმული, ეს წარმოადგენს პროცესუალურ საკითხს და არ მომხდარა დაზარალებულის ცნობა. რაც შეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, ამ შემთხვევაში ზიანი ადგება ზოგადად ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, მთელი მსოფლიოს საფინანსო ეკონომიკურ სისტემას. ამ დანაშაულს კონკრეტული დაზარალებული არ ყავს, სწორედ ამიტომ არ დევს საქმეში დაზარალებულად ცნობის დადგენილება. რაც შეეხება თითქოსდა ეს სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება სხვა მოტივებს, ჟურნალისტებმა გააჟღერეს თითქოს უკავშირდება რომელიმე ტელევიზიის საქმიანობას, ეს არის სიცრუე, ტყუილი და სპეკულაცია“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმის განხილვა 25 ოქტომბერს გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე მოსამართლე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე, ასევე გადასცემს თუ არა საქმეს არსებითი განხილვისთვის სასამართლოს.

დატოვე კომენტარი