პროკურორ მიულერის გათავისუფლების შემთხვევაში, დემოკრატებმა სათადარიგო გეგმა შეიმუშავეს
პროკურორ მიულერის გათავისუფლების შემთხვევაში, დემოკრატებმა სათადარიგო გეგმა შეიმუშავეს

დემოკრატიულ პარტიაში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეს ერთი წელია იძიებს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

ამერიკული ტელეკომპანია NBC ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ არსებობს სათადარიგო გეგმა, რითაც დემოკრატები იმოქმედებენ.

NBC-ის ინფორმაციით, თუ ტრამპი რობერტ მიულერს უფლებამოსილებას შეუჩერებს, მას გენერალური პროკურორის მოადგილის, როდ როზენშტაინის გათავისუფლებაც მოუწევს, რადგან ეს უკანასკნელი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას უშუალოდ აკონტროლებს.

დემოკრატები აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში კონგრესი იმსჯელებს კანონპროექტზე, რომლის თანახმად გამოძიება უნდა შეჩერდეს, თუმცა კანონპროექტს ბევრი მხარდამჭერი არ ეყოლება.

NBC-ისთან საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, რომ რესპუბლიკელების დიდი ნაწილი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებით დაინტერესებულია, შესაბამისად, კანონპროექტი გამოძიების შეჩერების შესახებ ჩავარდება.

გარდა ამისა, თუ დონალდ ტრამპი პროკურორ მიულერს დაითხოვს, დემოკრატები ყველა შტატში საკუთარ მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებისკენ მოუწოდებენ.