პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის ლევან გორგიაშვილის (ამჟამინდელი გვარი – ტურაშვილი) და დავით ბიძინაშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტმა ორივე საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

„ლევან გორგიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 2008-2009 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რის გამოც უცნობი პირებისგან ხშირად იღებდა სატელეფონო მუქარებს.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით ლევან გორგიაშვილის დაკავება.

2009 წლის 25 აგვისტოს, ქ.თბილისში აგლაძის ქუჩაზე ავტომანქანის შესაკეთებლად მისული ლევან გორგიაშვილი  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, რა დროსაც შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ ჩაუდეს.

2009 წლის ოქტომბერში, ლევან გორგიაშვილის მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და მას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, ახლად გამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო.

„მეორე გამამართლებელი განაჩენი უკანონოდ გასამართლებული დავით ბიძინაშვილის მიმართ დადგა. შპს „ივერიას“ და შპს „ივერია 90“-ის დამფუძნებელი დავით ბიძინაშვილი 2007 წელს ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით დააკავეს. ხანგრძლივი პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა დავით ბიძინაშვილის საქმეში აღმოჩენილი, პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, ახლად გამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მიენიჭათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 64 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“,- აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.