პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და რუსთავის საკრებულოს წევრის გ.მ.-ს დაჭრაში ბრალდებულ ნ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 აპრილს, ქ. რუსთავში, მეზობლებს ნ.ტ.-სა და გ.მ.-ს შორის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ნ.ტ.-მ იძალადა გ.მ.-ზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გ.მ.-ს ფეხის არეში დანით დაზიანება მიაყენა.

ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დატოვე კომენტარი