პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები დააზიანა

19:34, 10.12.2024

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი