აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე: https://www.justice.gov/…/justice-department-seeks-forfeitu.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ალიასკის საოლქო სასამართლოში 3 ივნისს შეტანილ სარჩელს ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური ქონება შესაძლოა, ექვემდებარებოდეს ჩამორთმევას საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური ღონისძიებების აქტისა და ფულის გათეთრების შესახებ ფედერალური კანონების დარღვევის გამო.

„აღნიშნულის თაობაზე განცხადება იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური განყოფილების გენერალური პროკურორის თანაშემწემ ბრაიან. ა.ბენჩკოვსკიმ, აშშ-ის ალიასკის საოლქო პროკურორმა ბრაიან შროდერმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ანქორიჯის ოფისის უფროსმა სპეციალურმა აგენტმა რობერტ ვ.ბრიტმა და საერთაშორისო შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიების სიეტლის ოფისის სპეციალურმა აგენტმა ჯასტინ ჰ. კემპბელმა გააკეთეს.

ქონების სამოქალაქო წესით ჩამორთმევის შესახებ სარჩელის თანახმად, ადგილი ჰქონდა აშშ-ის მოქალაქე კენეტ ზონგისა და ირანის სამი მოქალაქის მიერ შესაძლო წინასწარ შეთანხმებას, რომ თავი აერიდებინათ საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური ღონისძიებების აქტის, ირანული ტრანზაქციებისა და სანქციების რეგულაციების მიერ დაწესებული აკრძალვებისთვის ყალბი, ფიქტიური და თაღლითური ტრანზაქციების განხორციელების გზით, რომელთა მიზანი იყო კორეულ საფინანსო დაწესებულებაში ირანულ საკუთრებაში არსებული დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის კონვერტაცია და გადატანა.

ეს თანხა ინახებოდა კორეულ საბანკო ანგარიშებზე და აშშ-ის საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, მათი კონვერტაცია მოხდა ვაჭრობისთვის უფრო მარტივ ვალუტაში, როგორიცაა აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ მოხდა მათი გათეთრება ფიქტიური კომპანიის საბანკო ანგარიშების გამოყენებით სხვადასხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ, რომელთა შორისაა აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და კორეა“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2011 და 2012 წელს, აშშ-ის მოქალაქე კენეტ ზონგის თანამზრახველებმა სცადეს, საქართველოში, თბილისში შეეძინათ სასტუმრო დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყენებით, რომლის კავშირიც იკვეთებოდა ამ თაღლითურ სქემასთან.

„ჩამორთმევის შესახებ სარჩელი ამ თანხიდან და ტრანზაქციის მცდელობიდან მიღებულ ქონებას ეხება. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო და საერთაშორისო შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიების ოფისი იძიებს. საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ კრიმინალური განყოფილების ფულის გათეთრებისა და ქონების ამოღების განყოფილების უფროსის მოადგილე ვუ ს.ლი, ამავე განყოფილების უფროსი პროკურორი მაიკლ ოლმსტედი და აშშ-ის ალიასკის საოლქო პროკურატურის პროკურორის თანაშემწეები ჯონას უოკერი და სტივენ სკროცკი.

საქმესთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გასწია კრიმინალური განყოფილების საერთაშორისო საქმეების ოფისმა. იუსტიციის დეპარტამენტი მადლობას უხდის ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების სხვადასხვა უწყებას გაწეული დახმარებისთვის და კორეის რესპუბლიკის უმაღლეს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი