პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანთა 59 პროცენტი ​განრიდებას დაექვემდებარა
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანთა 59 პროცენტი ​განრიდებას დაექვემდებარა

სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი 2018 წელს პროკურატურამ 497 არასრულწლოვნის და 18-დან 21 წლამდე ასაკის 400 პირის მიმართ გამოიყენა, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში 2017 წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 წლის ანგარიშში.

​ანგარიშის თანახმად, 2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 59 პროცენტი დაექვემდებარა განრიდებას. ის არასრულწლოვნები კი, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდნენ განრიდების პირობებს.

2018 წელს განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 34 არასრულწლოვნის მიმართ, რაც განრიდებულთა საერთო რაოდენობის 7 პროცენტს შეადგენს. ასევე, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით შემცირებულია მძიმე დანაშაულზე განრიდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, კერძოდ, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 497 არასრულწლოვნიდან 199-ს წარმოადგენს, რაც განრიდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტია.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახორციელებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი – 2018 წელს განრიდებული 497 არასრულწლოვნიდან სასამართლოს მიერ საქმე განრიდების მიზნით მხოლოდ 29 შემთხვევაში დაბრუნდა.

დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება აისახა ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელზეც. კერძოდ, 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა არასრულწლოვანთა 8.3 პროცენტის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით კლების მაჩვენებელია.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას, 2018 წელს სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვანთა 7 პროცენტს. 2018 წელს განაჩენი გამოტანილ იქნა 181 არასრულწლოვნის მიმართ, აქედან გამართლდა მხოლოდ 9 არასრულწლოვანი.

​საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.