პროკურატურა - 2017-2018 წლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი სამი პირის მიმართ დადგა
პროკურატურა - 2017-2018 წლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი სამი პირის მიმართ დადგა

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის ანგარიშში საუბარია ტერორისტულ საქმიანობაზეც.

ანგარიშის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი 11 პირის მიმართ დადგა, ხოლო 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამატყუნებელი განაჩენი დადგა სამი პირის მიმართ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ტერორიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას.

„საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში, აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა. სამწუხაროდ, მან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა, რომლებიც თურქეთის გავლით გადადიოდნენ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და იბრძოდნენ მის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფოს გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით.

ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით. რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზემოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

ნოვაციურმა მიდგომამ და შესაბამისმა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირთა მიგრაცია, როგორც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში, ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ზემოხსენებული მიდგომის დადებითი კონტექსტი აისახა ამ კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელშიც. კერძოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის 2015-2016 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 11 პირის მიმართ, ხოლო 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი სამი პირის მიმართ დადგა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში”, – აღნიშნულია ანგარიშში.