პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა დასრულდა

შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი გამოკითხეს.

არც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე და არც გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. მათ შორის არც იმაზე, ქონდათ თუ არა რაიმე შემხებლობა შეწყალების საქმესთან და ასევე, რა ინფორმაციას ფლობენ პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულების შესახებ.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამ დროისთვის შეწყალების საქმეზე 11 პირია გამოკითხული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი. ასევე დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, დავით ოთხმეზურის მამა – გიორგი ოთხმეზური და მოკლული იოსებ ქოიავას მამა თამაზ ქოიავა.