პროკურატურაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა.

საგამოძიებო უწყებაში ჯაფარიძე იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.

როგორც ჯაფარიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, შეხვდა თუ არა მირზა სუბელიანს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჯაფარიძემ მცირე კომენტარისას აღნიშნა, რომ სუბელიანს შეხვდა, თუმცა დეტალებზე ჟურნალისტებთან დეპუტატს არ უსაუბრია.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

დატოვე კომენტარი