პროკურატურაში ცესკო-ს წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს
პროკურატურაში ცესკო-ს წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების გაყალბებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში ცესკო-ს წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც  „ქართული ოცნებიდან“ ცესკო-ს წევრმა 1-ელ არხთან საუბრისას განაცხადა, თანამშრომლებმა სიების შემოწმებისას გაყალბებული ხელმოწერები აღმოაჩინეს.

„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დღეს ჩვენმა წევრებმა მისცეს ჩვენებები. მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა არა მარტო პრემიერ-მინისტრის, არამედ რამდენიმე გაყალბებული ხელმოწერაც. ამაზე მიმდინარეობს გამოძიება“,- განაცხადა ცესკო-ს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ლევან მაისურაძემ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“) მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.