პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, რა ეტაპზეა კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურა 
პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, რა ეტაპზეა კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურა 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, რა ეტაპზეა უკრაინაში დაკავებული კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა, რომლებსაც წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ.

პირველი არხი საგამოძიებო უწყებას რამდენჯერმე დაუკავშირდა კითხვით, მათი ექსტრადირების საკითხზე, მოხდა თუ არა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან.

ამ კითხვაზე პროკურატურამ არც პირველ არხს არ უპასუხა და არც მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის უკრაინაში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში გაასაჯაროვა.

უკრაინის პროკურატურამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო 12 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა და ღონისძიების დროს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, სისხლის სამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო-სამართლებრივი დახმარების კუთხით.

საქართველოში, 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის 1 ნოემბერს დააკავეს და 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის ვადა სავარაუდოდ გაგრძელდა, რადგან 40 დღე 12 დეკემბერს ამოიწურა. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს.

იგივე ვითარებაა 2017 წლის აგვისტოში, უკრაინაში დაკავებული კოხტა კოდუას მიმართაც, რომელსაც თავდაპირველად შეფარდებული პატიმრობის ვადა ასევე დიდი ხნის წინ ამოეწურა. კოდუას და ქარდავას საქართველოში დაუსწრებლად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი და ექსტრადირების შემთხვევაში, მათ ამ ვადით პატიმრობა მოუწევთ, თუმცა რატომ ჭიანურდება ყოფილი ძალოვანების საქართველოში ექსტრადირება, პროკურატურა ამაზე ამ დრომდე არ საუბრობს.