პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება. უწყებაში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ საკითხზე ბოლო განცხადება 15 თებერვალს გაკეთდა. პროკურატურაში მაშინ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსზე ისაუბრეს.

„როგორც გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ ჩვენებაში აღნიშნა, არ იცოდა, რომ თანხა, რომელიც ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან სესხის სახით იყო გატანილი. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს რომ სცოდნოდა, აღნიშნულ თანხას ხელს არ მოკიდებდა“, – განაცხადეს პროკურატურაში 15 თებერვალს.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, ინფორმაცია კი პროკურატურამ მიმდინარე წლის 9 იანვარს გაავრცელა. როგორც პროკურატურაში განმარტეს, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ საკითხის შესწავლას, ის შეეხებოდა ინტერესთა კონფლიქტის რისკებს, რაზეც „თიბისი ბანკს“ ჯარიმა დაეკისრა და საკითხი უკვე ამოიწურა.