პროკურატურაში აცხადებენ, რომ მზად არიან, გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახს შეხვდნენ და მათი პოზიცია მოისმინონ
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მზად არიან, გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახს შეხვდნენ და მათი პოზიცია მოისმინონ.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ეს შეხვედრა ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა.
ამასთან, როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, პროკურატურა დაინტერესებულია, აღნიშნულ საქმეში არ დარჩეს რამე კითხვის ნიშანი და სრულად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმის ერთ ნაწილზე გამოძიება დასრულდა და სასამართლოში წარიმართა, ხოლო გამოყოფილ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. გამოყოფილ საქმეზე პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ბრალდებული დააკავა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იძიებენ აღნიშნულ საქმეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და, ამავდროულად, მათ შორის, დაზარალებულთან ინტენსიურ კავშირს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური გამოძიება მიმდინარეობს ყველა გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ გაჟღერებულ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ზედამხედველობას უწევს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მხრიდან სრული მზაობა არსებობს, დაზარალებული მხარის პოზიცია მოვისმინოთ, მათ შორის, ქალაქის პროკურორი გამოხატავდა და გამოხატავს დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას. დღეს ეს შეხვედრა ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ ქალაქის პროკურორი მზადაა, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულს. პროკურატურა დაინტერესებულია, აღნიშნულ საქმეში არ დარჩეს რამე კითხვის ნიშანი, სრულად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური გამოძიება ჩაატარა და მოპოვებული იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელთა ანალიზის საფუძველზეც მოხდა სწორი, სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც აძლევდა მტკიცებულებები და რომელთა მოპოვების შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. შეუტყობინებლობის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ერთი დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მზაობას გამოვხატავთ, ყველა ვერსია, რაც წარმოიშვება, მათ შორის დაზარალებულის მხრიდან, მათთან ერთად განვიხილოთ და ჩავატაროთ ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაეხმარება გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.