პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიის, PROCTER AND GAMBLE-ის ელექტრონულ ფოსტაზე ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა, ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

„აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე – PROCTER AND GAMBLE-ის მიმართ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.