პროკურატურამ თემურ აბაზოვისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის სასამართლოს მიმართა.
სხდომას უძღვება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი. ბრალდებულ მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ოთხი ადვოკატი იცავს.
პროკურორის განმარტებით, არის მაღალი რისკი, რომ ბრალდებული მიიმალოს. მისი განმარტებით, აბაზოვს ხშირად უფიქსირდება საზღვრის კვეთა, გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას და ასევე მტკიცებულებების განადგურებას.
პროკურორის განმარტებით, შესაძლოა აბაზოვმა გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ვინაიდან მარნეულის მერი იყო.
პროკურორის განცხადებით, აბაზოვის წინააღმდეგ საქმეში 10 მოწმის ჩვენებაა.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.