პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

20:31, 03.07.2025

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი