პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე, ბრალდებულმა 1-ელ ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.