პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეალიზაციის ფაქტებზე 97 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეალიზაციის ფაქტებზე 97 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომლებსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი““, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მდმა“, „მცენარე კანაფი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.