პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა.

მათივე ცნობით, იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

„პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.