პროკურატურამ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მამის და ბაბუის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას – ა.ო.ს და ბაბუას – გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი