პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პატრულ ინსპექტორს ი.ც.-ს ბრალი წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.