პროკურატურამ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლ.ჯ.-მ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გადაგზავნას და შეხვედრას აიძულებდა.

სამართალდამცველებმა ლ.ჯ. 2020 წლის 12 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ( წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ლ.ჯ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი