პროკურატურამ გურამ მეფარიშვილის​ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ გურამ მეფარიშვილის​ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გურამ მეფარიშვილის​ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქალაქე გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომელიც 2009 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ცნო დამნაშავედ, დააკისრა ჯარიმა 5000 ლარი და ამავე განაჩენით ჩამოერთვა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 55 282 კვ.მ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მოქალაქე გურამ მეფარიშვილმა მიწის ლეგალიზაციის კომისია მოატყუა და დაუმალა ქონებაზე იჯარის ხელშეკრულების არ არსებობის ფაქტი, რა გზითაც მან თითქოს შეიმცირა მიწის ნაკვეთის შესაძენად დადგენილი საფასური.

ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრების დაკითხვით დადგინდა, რომ გურამ მეფარიშვილის ქმედებაში მიწის ნაკვეთების შეძენის დროს არ ყოფილა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები და მან კომისიას ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც კანონით იყო მოთხოვნილი. ასევე, ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ხსენებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირების არალეგიტიმური დაინტერესება, რამაც თავი იჩინა მის მიმართ წარმოებული გამოძიების და სასამართლო პროცესის დროს.

აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გურამ მეფარიშვილის მიმართ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაზარალებულს გაუჩნდება სამართლებრივი საფუძველი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად,  გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 52 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 14 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 142 მოქალაქეს დაუბრუნდა 43 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.