პროკურატურამ გორში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

18:36, 15.07.2026

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი